Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
ლექსები3
უკან
XXX
პარიასავით შორიდან გივლი
რომ არ შეგბილწო მზერით ან სუნთქვით,
ქალაქში სადაც ყველა მეორე
შემოგაბოლქვებს პასიურ სიკვდილს,
ქალაქში, სადაც ხეებს ფოთლები
მწეველ კაცივით გაყვითლებიათ,
სადაც სიცოცხლის უფლებაც არ გაქვს
ზეიმობს თურმე (!) დემოკრატია.
მე - განწირულთა კასტის ნაყოფი
შორიდან გივლი - არ მსურს შეგბილწო...
XXX
ტაქტი, მოთმინება,
ზრუნვა, მორჩილება,
სითბო, სიყვარული,
შეხვედრის სიხარული,
ცრემლების მდინარე,
შენს გვერდით მძინარე,
ჭირვეულიც ხანდახან,
გიმონებს თანდათან...
ნელნელა შეგიქმნა
გრძნობების გალია,
ვეღარ გაფრინდები!
მიხვდი? ეს ქალია!
ყაზახურ მოტივებზე


ბათირ, გაბედე, შემოადგი ფეხი იურთას,
აქ საშიში და წასახდენი არაფერია,
მუსულმანთათვის ალაჰისგან დაწესებული
კუმისის თასით გეგებება ვნების ფერია.
დომბრას ჩამოჰკრავს ბახსი ხელს და
                                          ჰანგს ააკვნესებს,
დიდძალ ყალიმით გულს მოუგებ ქალას თავნებას,
ჰუნე-იარაღს ალბათ დიდხანს თავს დაანებებ-
თეთრი ოთაუ დაუდგია შენთვის განგებას...
თანამედროვე "მამელუქები"

სად მიიჩქარი? ვინ გიგუებს უცხოობაში?
უღმერთოდ მშიერს ანდა მწყურვალს პურს ვინ მოგაწვდის?
შენი სიცოცხლით უცხო მხარეს თუ ეჩუქები
წლების სიღრმიდან დაგწყევლიან მამელუქები...
ცხოვრებას სხვაგან ლევენ, მერე მკვდრები მოდიან...
თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათ?
სად მიიჩქარი? ვინ აგიტანს უცხოობაში?
ანდა, წაქცეულს შუა გზაზე, ხელს ვინ მოგაწვდის?
XXX
გადმოტრიალდა ყავის ჭიქა,
                გაშრა ნალექი...
ახლა დახატავს ჩემს იმედებს
                        მკითხავი ქალი,
ბედის გრაფიტი,
        ჭიქის ფსკერი,
              დრო და ნაღველი.
ჭიქის ფსკერი კი-
ო, რამხელა ასპარეზია
ოცნების და ხატოვანი ტყუილებისა,
ოსტატურად დაწერილი შავი ლეგენდის,
გულის სიღრმეში რომ გსურს გჯეროდეს...
გადმოტრიალდა ყავის ჭიქა,
მომატყუე, კარგო მკითხავო,
ზღაპრის გუდას მოხსენი თავი,
მითხარ რამე გულისსაამო.
XXX
მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას -
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალოთ!
XXX
მეგონა დამავიწყდა ბავშვურად სიცილი
თბილისში იმდენ ხანს აღარ უთოვია...
დღეს კი გამაღვიძა ბავშვური ხალისით
ქათქათა ფიფქების ლაღმა სიმფონიამ
ხეებს საქორწილო აცვიათ კაბები,
შლეიფს ატარებენ მიწა და ბუჩქები
ნაძვებსაც თავები ისე დაუხრიათ
თითქოს ამძიმებენ სიბერისგან წლები.
ბავშვების ღიმილი ისე გადამედო
ვითომ ვარ პატარა, ჯერაც გასაზრდელი
ჰაერი, ხეები , ქუჩები მღერიან-
ახალი წელია, ახალია წელი
            მაშინ, როდესაც ყველას გვეგონა-
            ვცხოვრობდით სავსედ,
            მხიარულად,
            რაღაცას ვქმნიდით,
            მაშინ, როდესაც ჩვენი აზრით
            ვიყავით ღია,
            ზუსტად შუამდე წაკითხული წიგნებისავით,
თურმე:
ნაჭუჭებში გულმოდგინედ ვირაზებოდით
და წლების მერეც ვერ შევძელით
ნიღაბს მიღმა სახის დანახვა...
ახლა, როდესაც ერთმანეთღს ვხვდებით,
თვალებს დაბლა ვხრით-
გვრცხვენია ჩვენი მაშინდელი მედიდურობის.
დაგმალე წარსულის ჩაკეტილ კარებთან,
გასაღებს ვუმალავ საკუთარ თავსაც კი,
არ მინდა ცხოვრების იმ წიგნით დაწყება,
რომელშიც წერია ნაცნობი არაკი.
და რადგან აღარ გაქვს უფლება გრძნობებზე,
მარაგს სიყვარულის, რა ვუყო, ამხელას?
ამქვეყნად სულყველას მცირედს ვუწილადებ,
თვალებმა თუ შესძლეს სათქმელის გამხელა...
ბაბოს

ქართლში ბებიას ბაბოს ეძახიან

ჩემი ბებია მოჰგავს ბერმუხას-
სხეულდაღარულს და ტოტებგაშლილს,
მოგეფერება - შემოგეხვევა
სურნელი კომშის და თეთრი ვაშლის.
ჩემი ბებია - ოჯახის ბურჯი,
რომ იკავშირებს მტერს და მოყვარეს,
ხანდახან აღარც კი ახსენდება
ის დღე, როდესაც რძლად მოიყვანეს.
მერე წაიღო ბედის ბორბალმა,
ტრიალ-ტრიალით ქალური სევდა
და ოთხი სიმწრით გაზრდილი შვილი
ქალაქში სწავლობს, თან ნატრობს დედას.
მერე - უღელი დაიდგეს მძიმე,
მერე- სოფელში ძვირად დადიან...
\\\"ჩემთან არც ერთი რად არ დავტოვე,
ახლა რა მეთქმის? ჩემზე ახია.\\\"
და ისევ კუთხით-კუთხეში მძიმედ,
ბებრულ ნაბიჯით, ფარფატით დადის,
შვილებისათვის ჯერ ისევ მოჰყავს:
მინდვრის ლობიო, პური და მჭადი...
ჩემი ბებია მოჰგავს ბერმუხას-
სხეულდაღარულს და ტოტებგაშლილს!
XXX

გამაცინე...მერე რა,
თუ გულში სევდის მეტასტაზები
სოლიტერივით სწრაფად იზრდება,
მერე რა ვუყოთ, თუ მალე სულსაც
შემოახვევს წურბელა თათებს,
სანამ სიცილი შემიძლია შენთან ყოფნისას,
სანამ ჯერ კიდევ შემიძლია...
კვლავ გამაცინე!
მერე რა, თუ სხვების თვალში
ვჩანვართ გიჟები?
ვიყოთ, დაუშვი,
ანცებიც ვიყოთ,
ოღონდ მუდამ ასე ბავშვურად
ვიცინოდეთ ერთად ყოფნისას,
სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ნიღბის ტარება,
ბეცების თვალში უდარდელ და
თავისუფალ გიჟად რომ მაჩენს,
გამაცინე...
ოღონდ არასდროს,
ოღონდ არასდროს,
ოღონდ არასდროს არ შემიცოდო!
სხვა ქალი

(ეძღვნება დალილას)

სარკიდან სხვა ქალმა შემომცინა
(მტრისას,საათია ვიხატები),
ტუჩები ალისფრად ღაღანებდნენ,
როგორც ნაჩუქარი მიხაკები.
თვალებიც სხვისივით ბრჭყვიალებდნენ,
კანს რძისფერი რბილად დასდებოდა,
გული ფრიალებდა, ფრიალებდა,
საგულეში ვეღარ თავსდებოდა.
სულ სხვა ქალი იდგა მზერას იქით,
სახე, ტანი თითქოს ჩემი ჰქონდა,
მაგრამ უცნაურ და უცნობ ძალას
მასში ცვლილებები შემოჰქონდა...
თითქოსდა ბუნება თვალს მიხვევდა,
რომ ვეღარ მეცნო ჩემი თავი,
ისე მოვერთე და მოვეკაზმე...
და მაინც, ის ქალი მე ვიყავი!