Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
და საღამურით ქარში გასულ
გოგონასავით
კანკალებდა გიტარის სიმი,
ჰანგებს ფანტავდა,
შენი თითები ჩვეულ
ჟინით და შემართებით
ჩემი თმის ფაფუკ კრიალოსანს
უხმოდ მარცვლავდა
შემოდგომის ერთ გრილ საღამოს,
ცხადს რომ არ გავდა...
XXX
გახმა ის გვირილა,
დღიურში რომ დავაპატიმრე,
ფურცლებად ქცეული წლებით რომ დავჭეჭყე,
ნაგვალევ მიწასავით რომ გავაშრე...
გახმა ის გვირილა,
ჩემი ბავშვობის და
სისასტიკის უენო მსხვერპლი.
XXX
თავებით მოკირწყლულა ქუჩა,
ირგვლივ დათარეშობს ტაში,
სიმართლეს ჩურჩული უყვარს
და არა ყვირილი კარში,
ამ მიწას სდის სისხლის სუნი,
ცდუნებაც დიდია ერთობ,
ლოცვად დაჩოქილა ერი,
კალთას შეაყუჟე, ღმერთო!
XXX
გადაფითრებულან კორპუსები,
ხეებს აძაგძაგებთ სიცივისგან,
ცას ნაცრისერი დასდებია,
როგორც მიხრწნილ ბებერს სიცილისგან.
ძარღვებში სისხლი მიტინგს აწყობს,
ძვლები ტაშს უკრავენ ტკაცა-ტკუცით...
ვინ დააკვება შემოდგომას
ეს საპროტესტო ტაშა-ტუში?
XXX
დამშვიდდი დედა,ნუღარ მგლოვობ,
არ ვარ საცრემლო,
მუცლად ჩაკლული 7 ნოემბერს
უგნურის წიხლით,
დაუბადებლად ვმსახურებდი
ჩემს საქართველოს,
არ მენანება გაღებული სიცოცხლე მისთვის.
ნუ დარდობ დედა,მერე რა,
რომ ვერ გამაჩინე,
ჩვენ მოვიხადეთ სამშობლოსთან
კუთვნილი ვალი,
რაღა უნდა თქვას ჩემი მკვლელის
საბრალო დედამ
შვილი ცოცხალი რომ მიუვა და
სულით მკვდარი!
XXX
ვიზომავ კუბოს, როგორც კაბას,
მკერავთან ნაკერს,
სხეულით ვათბობ, ვისისხლხორცებ
კუთხეს თუ ნაკეცს,
რომ სანამ დრო მაქვს
შევიჩვიო საკუთარ ტანზე,
ეს ერთადერთი საკუთრებაც
სხვისას არ ჰგავდეს.
XXX
სუსტი მაჯების ცისფერ მაგისტრალზე
ლეიკოციტების მოძრაობს კოლონა,
დაუშვებელია საცობის წარმოქმნა,
მოკვდება გოგონა...
სიცოცხლეს თავისი მკაფიო წესი აქვს,
დარღვევას არ ითმენს,
გოგონას ფაქიზი გული ვერ გაუძლებს
შეუჩვევ არითმებს.
XXX
ხელს ნუ მკრავ,
ნაბიჯის გადაღმა წუმპეა
და ბინძურ მკლავებით
ჩამიწვენს უბეში.
ხელს ნუ მკრავ,
ნუ მატკენ შეჩვეულ სიცალეს,
კივილს ნუ ჩამიღვრი
ფერგაცლილ გუგებში.
სანამ გიჟის პერანგს ჩამაცმევენ
ხელი შემაშველე, ბრალი ვარ,
მსოფლიოს მერვე საოცრება-
თვალებსევდიანი ქალი ვარ.
XXX
გათავხედებული ოფიციანტივით
არასდროს მიბრუნებ ხურდას,
არადა მეტი სითბო მოგეცი
ვიდრე ოცნებებში გსურდა.
ერთხელაც გავკოტრდები,
ვეღარ მოვალ,
თვალების ჩურჩული გაწყდება.
ჩემს კუთვნილ კუთხეს ცარიელს ნახავ
და... გული დაგწყდება?
XXX
ვეღარ ვუმკლავდები სხეულს,
ბორკილებს ლეწავს და მარყევს,
ვნების ბობოქრობით ძლეულს
ხრამში გადამჩეხავს სადმე.
ორად გამეხლიჩა არსი,
თავისს მთხოვს სხეულიც, სულიც,
დაიწვას ეს ბიჭი, თარსი,
ასე რად მიღვიძებს სურვილს.
დავდივარ, თან დამაქვს დარდი -
სადამდე გავუძლებ ორცეცხლს,
ალერგიასავით მაყრის
სხვებთან ნავარჯიშევ კოცნებს...
ვეღარ ვუმკლავდები სხეულს!
ემიგრანტის ცოლის ფიქრები
როგორ უსაშველოდ გაწელილა
გზები შვენს შორის გაჩხერილი,
თითებზე ითვლებიან ეს დღეები
შენს დაბრუნებამდე დარჩენილი,
ცივი კერა ისევ ღადარს ითხოვს,
სუსტმაჯას მარტოდ ვერ შემინთია -
ქალობა ისედაც ტვირთია და
კაცობა როგორღა შემიძლია.
უღელში ნებით ჩაგემატე,
სახნავს ერთად მოვდოთ გუთნის კავი,
მიწა სისხლითა და ოფლით რწყული
ღმერთს ჩემზეც ექცია, რომ, ალალი,
მაინც ქალი ვარ და მარტოობა
ჩემთვის უმოწყალოდ სამძიმოა,
ოჯახის უფროსის დაბრუნება
კერის აღსადგენად საჭიროა.