Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
XXX
ქარმა კარები შემომინგრია,
მე კი მეგონა ეს შენ იყავი.
თან მოიტანა თამბაქოს სუნი
(შენ რომ გჟღენთავდა, თითქოს ის არის)
თან მოიტანა მამაკაცური
მძიმე ნაბიჯი, შენ რომ დაგქონდა,
როცა სამყარო სინაზის ძაფით
ჩვენთვის უცნაურ სიყვარულს ქსოვდა...
თან მოიტანა ასე ნაჩვევი
შენი თმების და თითების სუნი
და ჩემი გულის ურითმო ფეთქვა,
ასე ურცხვად რომ გიმხელდა სურვილს...
დღეს ქარმა კარი შემომინგრია,
მე შენ მეგონე და გამიხარდი...
XXX
არასდეს ასეთი არ ყოფილა სამყარო,
ღამეს თითქოს მოსწყინდა ფანჯრებიდან ყურება,
ფეხაკრეფით აკრიფა სამოსელის კალთები,
შემოიჭრა ოთახში, ვნებით მეჩურჩულება.
არასოდეს მიგრძვნია ასე ნაზი შეხება,
თითქოს ჰაერს მოსწყინდა ჩემი შორით ყურება,
ჩემი სარეცელიდან გააძევა ეს ღამე,
ახლა გამარჯვებული სხეულს ესალბუნება.
არასოდეს ვყოფილვარ ასე მარადქალური,
სტიქიების ქიშპობამ ელვარება შემმატა,
მე კოლხი აიეტის ვარ გრძნეული ასული,
ჩემს ფეხებთან დაღოღავს მთელი ძველი ელადა.
XXX
შენს სახეზე ცხოვრებას
დროის ფუნჯით უხატია
განვლილი წლების
სევდიანი პეიზაჟები,
შენს სახეზე პასტელის
ფერები ჭარბობს...
პალიტრიდან ყველაზე ნაზი,
ყველაზე მშვიდი ფერები
აურჩევია მხატვარს.
მე შენს სახეზე ვკითხულობ
ცხოვრების უმკაცრეს შედევრს –
პორტრეტს დაღლილი მამაკაცისას.
XXX
დაისი დგება,
სადღაც ქრება მზის გაცეცხლება,
გულაჩუყებით ბოლო სხივი
ჩემს თმებზე ანცობს...
და სოფლის გამრჯე დედაკაცივით
ეს ჩემი მუზაც
შემოიკრავს თავსაფარს ხოლმე
და ცხელ თონეში
(ჩემს გონებაში)
გვერდებდაბრაწულ ლავაშებს აცხობს.
XXX
ჭყლაპი-ჭყლუპი,ჭყლაპი-ჭყლუპი
მიჭყლაპუებს ფეხქვეშ გუბე,
ამ გადაღლილ გულში დიდი
სიხარული დავაგუბე,
წვიმას გუბე დარჩენია,
შიგ ვაცეკვებ ფეხებს ანცად
და წრეების ხატვით, იცით?
გუბე უკვე დაიქანცა.
წვიმა იყო, გადაიღო,
მზემაც პირი დაიბანა,
ისიც პრანჭია გოგოა,
არ იცოდით დღემდე განა?
ვითამაშებთ საღამომდე,
მე,გუბე და მზის სხივები,
მერე ტკბილად დავიძინებ
და ძილშიც გავიღიმები. :)
მიწა არის ობლად დარჩენილი,
ფესვებს მოწყდა თმაჭაღარა ტაო,
ხანძთელების ლანდი მევედრება -
ქართული ხმა გაგავაგონე, დაო.
ოშკში უნდა დავიწერო ჯვარი,
მამა გრიგოლს დავუკოცნო კალთა,
სიყვარულის დიდი ანაბარი
გავატანო ძველ ტაძრებთან ქართა...
XXX
ფიქრი- იმღვრევა,
ნისლი- იმქვრევა,
ცხოვრება- ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თანამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს არ იყავი ის კაცი...
და ისევ:
ფიქრები- აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში!
XXX
ფოთოლ-ფოთოლ მაცლიდი სამოსს
და შემომძარცვე სხეულის სითბო,
გადასული ნაჭრის მასაზე,
რომელიც მფარავს ვნებისგან თითქოს.
გაშიშვლებულიც ვერ მიმიკუთვნე,
შენგან მიცავდა გათელილი,
დაუფლებული
და გადაყრილი ქალების გროვა,
დამდაბლებულნი შენგან მიწამდე...
თვითონ მიწამე,
თვითონ მიწამლე
და გაიქეცი თვითონ იმწამსვე...
ფოთოლ-ფოთოლ რომ მაცლიდი სამოსს
და შემომძარცვე სხეულის სითბო,
შიშვლად დარჩენილს რად გამექეცი,
სიყვარული ან სინანული იგრძენი?
ვითომ?
XXX
კაფეში ბიჭები სიგარეტს აბოლებენ...
მათ თითქოს უფორმო მასებად ვხედავ...
ბიჭები გოგოებს ყოველთვის “გვაბოლებენ”
მერე გავრბივართ და შევჩივით დედას.
მუსიკა და კვამლის სქელ-სქელი ბოლქვები,
თვალწინ კი – შეშლილი თვალები გიჟის,
ვფიქრობ: - “ეს ალბათ მისი თვალებია –
იმ აკვიატებულ, საყვარელ ბიჭის”
კაფეში ბიჭები სიგარეტს აბოლებენ,
თან – მზერას უცნობ გოგოებს აყოლებენ.
XXX
მე ჭა ვარ,
პირთამდე სავსე სიყვარულით,
შემსვი და განაგრძე გზა,
უკან არ მოიხედო,
თორემ გაქვავდები.
მე გული ვარ, სითბოთი სავსე,
მიმიღე, გათბი და წინ გასწი,
უკან არ მოიხედო,
გაქვავდები.
მე ვარ სიმართლე
და უნდა ჩამიხუტო,
თან უნდა წამიყვანო,
გამოგადგები.
თეთრი ვარდის გამოქვაბულში
მხოლოდ სიყვარული,
სითბო,
და სიმართლე გადაგარჩენს,
უკან არ მოიხედო!
მე ჭა ვარ,
გული ვარ,
სიმართლე ვარ,
მე შენი მცველი ანგელოზი ვარ!
XXX
არა! სრულიადაც არა ვარ მე ანგელოზი,
უფრო დემონი ებრძვის ჩემში კეთილ გენიას,
მაშ რისთვის მინდა ნიღბიანი მე ეს სამოსი,
მის ქვეშა ვმალავ alter ego- ს ვისიც მრცხვენია...
არა, სრულიადაც არა ვარ ისე სპეტაკი
როგორც აღმიქვამთ, დამინახავთ ვინც კი ლოცვისას,
მეც ცოდვილი ვარ, როგორც ყველა ადამიანი
და მომიტევეთ ეს იმიჯი ანგელოზისა.